გაზაფხული

საგაზაფხულო ლექსები



აკაკი წერეთელი - გაზაფხული

დღეს მერცხალი შემოფრინდა, -

ჭიკჭიკითა გადმომძახა: 

“გაზაფხული! გაზაფხული!” 

გულს იმედი დამესახა.

მივდექ სარკმელს, გადვიხედე, 

არემარე მესხვაფერა! - 

სასოებამ ფრთა გაშალა, 

გულსა მკრა და ამიძგერა!

სუნი მეცა გაზაფხულის, 

უცნაური ვიგრძენ ძალი... 

ვსთქვი, თუ: “გულსა რაღად ვიტეხ? 

ახლოს არის მომავალი!

“მოვესწრები, რაც მინდოდა 

ზამთრისაგან დაჩაგრულსა: 

ვნახავ ქორწილს ბუნებისას, 

გავიგონებ მის მაყრულსა.

“დავყნოს ვარდსა გადაშლილსა, 

ვუჭვრეტ ნაზად დახრილ იას 

და ბულბულიც გამაგონებს 

მისებურად “ტია, ტიას!”



თამაზ მეტრეველი - გაზაფხული

გაზაფხულდა, გაზაფხულდა,

მზის სხივებმა გვახარეს...

ყვავილებმა ჭრელი ფთილა

მიწას მიმოაფარეს.

არაკრაკდა ნაკადული

აშრიალდა ტყეები,

თოვლი გაქრა, ყინვა გადნა,

დადგა თბილი დღეები.

მივულოცოთ ყველას, ყველას

დიდებსა და პატარებს,

ვისაც ქვეყნად გაზაფხულის

მოსვლა ასე ახარებს.




გივი ჭიჭინაძე - საქართველოს გაზაფხულო

გაკვირტულა,

გაკვირტულა,

შინდის ტოტი გაკვირტულა!

ჩიტი დახტის შინდის ტოტზე,

განა ერთი,

ცხრა ჩიტუნა!

წყარო მთიდან მოჩუხჩუხე

ბარში დადგა, გაიტრუნა.

ცივ ჩქერს ჩიტი დაეწაფა,

განა ერთი

ცხრა ჩიტუნა!

გაზაფხულდა,

ტყის ფერდობი

ჩითის ფერად დაჩითულა.

ჩიტი გალობს ტყის ფერდობზე,

განა ერთი

ცხრა ჩიტუნა!

ნაწვიმარზე ცისარტყელამ

ცა მოხატა დიდებულად.

შეხე, ჩვენი საქართველო

როგორ აყვავილებულა!


გალაკტიონ ტაბიძე - მალე ფერგადაშლილი..

მალე ფერგადაშლილი

ამწვანდება ტყე-ველი,

გაიშლება ყვავილი,

სურნელების მფრქვეველი;

გაცოცხლდება დაფნარი,

მთის მწვერვალი, ტყის პირი.

და დაივლის ნარნარი

გაზაფხულის ზეფირი.

წყნარი სევდა მეწვევა,

წამიღებს სიმთა ჟღერა,

ნისლით გამოერკვევა

ჩემი გულის სიმღერა.

ქვებს, ბალახებს დაატკბობს

ჰანგი თავისებური,

მკაცრი, მაგრამ ლამაზი,

ნაზი, მაგრამ ველური.

როდი მიყვარს გულისთქმა,

თუ ნაღველს არ ერევა,

ათას ხმაში ჩემი ხმა

ამ ხმამ განაცალკევა.

როდი მიყვარს გულისთქმა,

თუ გულმავე არ ჰპოვა,

ათას ხმაში ჩემი ხმა

ამ ხმამ განამარტოვა...


შოთა ნიშნიანიძე - საგაზაფხულო

კარში გამო, ბიჭო სესე,

ველ-მინდორი თბება მზეზე,

გუგულები მოგძახიან:

კაფე-თესე,

კაფე-თესე!

დღეს მერცხალი შემოფრინდა,

გადმოლახა ნისლი ხშირი,

ტანზე კაბად ღამე ეცვა

მთვარის თეთრი გულისპირით.

შემოფრინდა,

შემოსხივდა ზღაპრიდან თუ არაკიდან,

ცისარტყელას ჭრელი ლენტი

გაჭრა კუდის მაკრატლითა. 



ილია ჭავჭავაძე- გაზაფხული 

ტყემ მოისხა ფოთოლი,
აგერ მერცხალიც ჭყივის,
ბაღში ვაზი ობოლი
მეტის ლხენითა სტირის.
აყვავებულა მდელო,
აყვავებულან მთები;
მამულო საყვარელო,
შენ როსღა აყვავდები?




შიო მღვიმელი-გაზაფხული

ყინული დადნა, იღვიძებს
ველი დიდი ხნის მძინარე,
ტყე იფურჩქნება, იშლება,
მოსჩქეფს წყარო და მდინარე.

ცა მოკამკამებს, ლურჯდება,
დადგა დარები მზინი,
მწვანედ ბიბინებს მინდორი
მადლიან-ბარაქიანი.

ზედ დასჭიკჭიკებს მერცხალი
მალხაზი, მალიფრთინი.
ტოროლა დაზარელი
და მუდამ ხალისინი.

მოსურვებიათ სამშობლოს
ნახვა შოშიებს, გვრიტებსა,
მოსულნი ჟივილ-ხივილით
სალამს აძლევენ ჩიტებსა.


იროდიონ ევდოშვილი-გაზაფხულის პირი

ჯეჯილმა ამოიწია,
გადგა ბორჯი და ძირია,
იამ მოქარგა მინდორი,
სჩანს გაზაფხულის პირია!

სერზე შემდგარა მეცხვარე,
შესცქერის თავის ფარასა;
ბატკანი დედას დაეძებს,
დედა კი - მწვანე ბალახსა!

დაჰკრა, დაუკრა საკვნესმა, -
ეს ტკბილი სალამურია,
შროშანიც შემოფრენილა,
შაშვი ხომ შინაურია!

მთას ეზლაზნება ღრუბელი,
ძირს ეცრემლება ველებსა,
კურდღელი მალაყს თამაშობს,
ფუნდრუკი გააქვთ მშველებსა!
 
ამოიწია ჯეჯილმა,
გადგა ბორჯი და ძირია,
მზემ გადმოუშვა სხივები,
სჩანს გაზაფხულის პირია!



ნოდარ დუმბაძე-გაზაფხულო ლამაზო

ჩემო ჭრელო პეპლებო,
ჩემო ლურჯო იებო,
ჩემო ნუშის ხეებო,
ჩემო ჩიტუნიებო.
როდის აყვავილდებით,
ატმებო და ვაშლებო,
ტყეში მარწყვის საკრეფად
როდის წავალთ, ბავშვებო?
ჰა, ზამთარი მიდის და...
თოვლი დნება ნელ-ნელა.
აი, თავი ამოჰყო
ბუჩქის ძირას ენძელამ.
საწყალ თოვლის ბაბუას
დავუშინოთ გუნდები;
გაზაფხულო, ლამაზო,
მალე დაგვიბრუნდები?



მაყვალა  მრევლიშვილი-გაზაფხული

გაიღვიძებს ენძელა,
გაიღვიძებს ია.
ამ სითბოს და სიხარულს
გაზაფხული ჰქვია.

No comments:

Post a Comment